суббота, 17 ноября 2018 г.

ლექსის ხე

 ,,საფლავზე მოვა ლექსის ხე, ლექსის შტო-ფოთლებიანი“ - წერდა სახალხო მთქმელი ომა წიკლაური სულით ხორცამდე პოეზიით შეპყრობილი.
  საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ კაფეში წაიკითხეს ახალგაზრდა პოეტების ლექსები, რასაც მთელი კვირა იძიებდნენ და ეცნობოდნენ. გვაზიარეს გიორგი ზანგურის, ნიკო გომელაურის, თორნიკე ნაროზაულისა და სხვა მრავალი ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტების შემოქმედებას.

შემდეგ კი კედელზე მოხატეს „ლექსის ხე“ და ზედ შეაფრინეს ის პეპლები, რომლებსაც იმ ახალგაზრდა პოეტების ლექსები ეწერათ ფრთებზე, რომლებიც მანამდე გაგავაცნეს მოზარდებმა.




 პოეზიის შეხვედრამ ასე საინტერესოდ ჩაიარა, შემდეგი შეხვედრის შესახებ მომავალში გიამბობთ.

среда, 14 ноября 2018 г.

შეხვედრები მეგზურთან



  2018 წლის ოქტომბრიდან ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ლიტერატურული კაფეს ჩამოყალიბებას, თუმცა ბლოგი მოგვიანებით შევქმენით, ამიტომ უკვე გასული შეხვედრების შესახებ ახლა გიამბობთ.
 პირველ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ თავად ფორმატზე, თუ რა სახე მიგვეცა ჩვენი თავშეყრებისთვის და შევჯერდით, რომ კაფე ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა.
ჩამოვაყალიბეთ მიზნები და წესდება. შევარჩიეთ შეხვედრების დღედ სამშაბათი.
 შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დღიურებზე, აღმოჩნდა, რომ დღიურის წარმოების გამოცდილება არავის არ ჰქონდა, ამიტომ გავეცანით ისეთ ავტორებს, ვისაც დღიური წარმატებით უწარმოებიათ. ასეთი იყო ჯეფ კინის ,,წრიპა ბიჭის დღიური“, რითაც ძალიან იხალისეს მოსწავლეებმა და საკუთარი დღიურების წარმოებაც უფრო თამამდ დაიწყეს.

  შემდეგ შეხვედრაზე გავეცანით „ანე ფრანკის დღიურს“ და ვისაუბრეთ ანეს პიროვნულ თვისებებზე.
   ამის შემდეგ განვიხილეთ ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებული მხატვრული ლიტერატურა, მოსწავლეებმა აირჩიეს მათთვის საინტერესო კლასგარეშე საკითხავი წიგნები. მათი დღიურები მონიტორინგის კარგი საშუალება იქნება, თუ რამდენად  გააზრებულად კითხულობენ. 
  შემდეგ ბლოგებში შეიტყობთ მომდევნო შეხვედრებზე განხილულ თემებსა და აქტივობებზე.


четверг, 8 ноября 2018 г.

ბლოგი „მეგზურის“ დაარსების საჭიროება და მიზანი

მოგესალმებით. სასიამოვნოა, რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს. მოგახსენებთ იმ რამდენიმე ფაქტორს, რამაც ამ ბლოგის დაარსებას ჩაუყარა საფუძველი.
 ეს საიტი განკუთვნილია საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან იდეა სწორედ მათ ეკუთვნოდათ.
 უკვე მეორე წელია, რაც არსებობს მკითხველთა წრე „მეგზური“ და ამ პერიოდში მოსწავლეები გაეცნენ მრავალ ავტორსა თუ პერსონაჟს.
 წელს ამ წრემ ფორმატი შეიცვალა და გადაკეთდა ლიტერატურულ კაფედ უცვლელი სახელწოდებით „მეგზური“, რადგან სწორედ წიგნები და მიღებული ცოდნა უნდა იქცეს მოზარდთა ცხოვრების გზამკვლევად.
 ჩვენს ბლოგზე თქვენ ეტაპობრივად გაეცნობით ლიტერატურული კაფის „მეგზურის“ მუშაობას, მოსწავლეთა აქტივობებს, მათ მიერ წაკითხული წიგნების შესახებ გამოხატულ შთაბეჭდილებებს, გამორჩეულ ფრაზებს, პრეზენტაციებს და ა.შ.